წმინდა მამა გაბრიელი: „სანამ მეფე არ ეყოლება საქართველოს, არაფერი ეშველება!“
მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში, წმიდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე იყო.
მამა გაბრიელი იყო საქართველოში პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს“. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს დადგენილებით - 1965 წ. 3 აგვისტოს მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად მძიმე პირობებში ამყოფებდნენ.
1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ანალიზის ჩასატარებლად იყო აღებული - დღემდე უხრწნელია.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა მამა გაბრიელი (ურგებაძე) და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.
მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. თავის ქადაგებებში მამა გაბრიელი ზრუნვით თავს დასტრიალებდა საქართველოს :
„საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც“...
„ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე“...
„ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქ
სინჯარა, რომელშიც გადმოცემით მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლია შენახული
ართველოში“...
„წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან — ტელევიზიით გადასცემენ“...
„ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს“...
მამა გაბრიელი მონარქიული სახელმწიფოებრივი წყობის თავდადებული მომხრე იყო და არა მარტო საქართველოსთვის: ერთ-ერთი მორწმუნის მოგონებით, ლეონიდა ბაგრატიონს, საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელს და რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრის - კირილეს მეუღლეს, მიუყვანია თავისი შვილიშვილი მამა გაბრიელთან და უკითხავს მისთვის: - აღდგება თუ არა მონარქია რუსეთშიო? მამა გაბრიელს უპასუხია:-შენ ვერ მოესწრები, მაგრამ შენი შვილიშვილი მეფე იქნებაო!
მამა გაბრიელი უქადაგებდა მრევლს, რომ საქართველოსთვის აუცილებელი იყო სამეფო ხელისუფლება:
- მეფეს სხვა მადლი აქვს; სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაუბრუნდება,საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი აღადგინეთ! კარგ პრეზიდენტს ცუდი მეფე გერჩივნოთ, რადგან მთავარია ღვთის მადლი გადმოვიდეს ერზე.
შეკითხვაზე, პატრიარქია უფრო დიდი თუ მეფე, გაბრიელ ბერი პასუხობდა:
- პატრიარქი სცხებს მირონს და აკურთხებს მეფედ, რომელია უფრო დიდი, თვითონ მითხარი. ტალანტი ადამიანის სიცოცხლეა. უფალი ყოველ ადამიანს აძლევს და სანამ ცოცხალია, უნდა განამრავლოს. არავინ დაჰკარგოს ღვთის ეს დიდი წყალობა. ათი ტალანტი ვის მიეცა? - პატრიარქსა და მეფეს, რადგან მათ უნდა მართონ ერი, მაგრამ ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა, რამეთუ ღმრთისა და ერის წინაშე საკუთარი და მეფის ჯვრის მტვირთველობაც თავად უწევს.
წმიდა გაბრიელ ბერმა დაუბარა ქართველებს:
- სანამ მეფე არ ეყოლება საქართველოს, არაფერი ეშველება. როგორ, სკიპტრა არ უნდა ჰქონდეს ერს? მაშინ ამოვთხაროთ საფლავიდან თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი; მაშინ არ ყოფილან ისინი საჭირონი!
Comments
Post a Comment