მართლწერის საკითხები ნაცვალსახელთან დაკავშირებით

( I  ნაწილი)  დავიმახსოვროთ: 1.  არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში უნდა გამოვიყენოთ შემდეგ ნაცვალსახელებთან:• ამდენი, იმდენი ნაცვალსახელთან : ამდენი საქმე, იმდენი წიგნი...• ყველა, ყოველი ნაცვალსახელთან: ყველა ბავშვი, ყოველი კაცი...• ზოგი, ზოგიერთი ნაცვალსახელთან: ზოგი მეგობარი, ზოგიერთი კაცი...• რამდენიმე, რომელიმე ნაცვალსახელთან: რამდენიმე სტუდენტი, რომელიმე მეზობელი... 
2. თავისი და მისი ორივე III პირის კუთვნილებას გამოხატავს, მაგრამ აბსოლუტურად ერთმანეთის ტოლი არ არიან.   თავისი მაშინ იხმარება, როცა საგანი მოქმედ პირს ეკუთვნის (გოჩამ სკოლაში მიიყვანა თავისი შვილი. - ე.ი. გოჩა შვილის მამაა და შვილი სკოლაში წაუყვანია).      მისი გამოყენებულია მაშინ, როცა საგანი მოქმედს არ ეკუთვნის (გოჩამ სკოლაში წაიყვანა მისი შვილი. - ე.ი. გოჩა მძღოლია ან ნათესავი, ყოველ შემთხვევაში ბავშვის მამა არაა და სკოლაში წაუყვანია სხვისი შვილი).   3. თანდებულიან  პირის ნაცვალსახელებს ნათესაობითში  -ს არ დაერთვის:• ჩემ მიერ (და არა ჩემს მიერ)• შენ მიერ (და არა შენს მიერ)• თქვენ მიერ (და არა თქვენს მიერ)• ჩემკენ (და არა ჩემსკენ), შენკენ (და არა შენსკენ)მაგრამ -ს ბრუნვის ნიშანი საჭიროა, როცა კუთვნილებას გამოხატავენ:• ჩემს მეგობარს, შენს დას, თქვენს მშობლებს... 4. ერთი და იგივე ცალკე ბრუნებისას ორივე ნაწილზე დაირთავს ბრუნვის ნიშნებს (ერთი და იგივე, ერთმა და იმავემ, ერთსა და იმავეს, ერთისა და იმავეს, ერთითა და იმავეთ, ერთისა და იმავედ); არსებით სახელთან ერთად ბრუნებისას კი მეორე ფუძე (იგივე-იმავე) ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავს, პირველი ფუძე (ერთი) კი ბრუნვის ნიშნებს დაირთავს. (ერთი და იგივე ამბავი, ერთმა და იმავე ამბავმა, ერთსა და იმავე ამბავს, ერთისა და იმავე ამბის, ერთი  და იმავე ამბით, ერთ და იმავე ამბად).

Comments

Popular Posts