"გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია!-ტერენტი გრანელი
ფსევდონიმი: "წალენჯიხელი", "ტერენტი გრანელი"
დაბადების თარიღი: 25 ნოემბერი, 1897
დაბადების ადგილი: წალენჯიხა
გარდაცვალების თარიღი: 10 ოქტომბერი, 1934
გარდაცვალების ადგილი: თბილისი
ეროვნება: ქართველი
საქმიანობა: პუბლიცისტი, მწერალი (პოეტი).
დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია:
„„მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.“
მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა ოპერა - ”აბესალომ და ეთერი” - მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი. მაგრამ სიყვარული უოღბლო აღმოჩნდა, ორი წლის უცნაური სიყვარულის შემდეგ მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა. ფსევდონიმმა - გრანელი - შემოინახა ტერენტის სპეტაკი სიყვარულის ისტორია
ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის„დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ეტყობა სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.
1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.
"MEMENTO MORI"
ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“.თავდაპირველად წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო "გაფრენილი დღეები"თუმცა იმდროინდელი საქართველოს ვითარების გამო მან წიგნს სახელი შეუცვალა "MEMENTO MORI".იგი დილაუთენია სტამბაში წავიდა, კრებულს სახელი შეუცვალა და "MEMENTO MORI"(ლათ:გახსოვდეს სიკვდილი) დაარქვა.
ბოლო წლები და სიკვდილი
1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი
იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო
ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი
გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და
ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. აკაკი ანდრიაშვილი იგონებს: "ტერენტის დაეწყო
კოშმარული ჰალუცინაციები. ეჩვენებოდა, ვითომ იქ სადაც იატაკი მიწურისა იყო,
შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს,
მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე
პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება, თორემ
ტერენტი საშინელი საფრთხის წინაშე იყო"
"...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი
გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“
საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი
პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს
დიდუბის პანთეონში.
Comments
Post a Comment