ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ჩვენივე ნაკლის მხილებისა
აკაკი ბაქრაძე
ისტორიულად ჩვენ არ გვყოლია ჩვენი კრომველი და ჩვენი რობესპიერი. ბუნებრივია, რომ ხალხის სახელით ჩვენ არც ჩვენი ჩარლზ პირველი დაგვისჯია და არც - ჩვენი ლუი მეთექვსმეტე. მაგრამ სამაგიეროდ თვალები დაგვითხრია ისე როგორც ეს გაუკეთეს დასავლეთ ქართველთა მეფე ბაგრატს. მერე კი უსინათლოსა და უბედურისათვის ქვეყნის მართვა დაგვივალებია. ოსმალთა დახმარებით,ტახტზე ვიგინდარა ჭუჭუნასშვილი დაგვისვამს და ხელმწიფის საკადრისი პატივი მიგვიგია. კონსტანტინე ბატონისშვილივით ტახტისათვის ღვიძლი მამაც და ძმაც მოგვიკლავს.
ჩვენ არც მარია-ანტუნეტასავით გაგვიტარებია დედაქალაქის ქუჩები, გილიოტინაზე დასასჯელად ჩვენი ლამაზი დედოფლები, მაგრამ ამის სანაცვლოდ, ტყეში, ჩუმად ცხვირი, ენა და ყურები მოგვიჭრია, დარეჯან შარვაშიძის მსგავსად დამერე პატივახდილი , მამის სახლში დაგვიბრუნებია.
მარიამ ანტუანეტა
ჩვენ არც ჩვენიო ჯორდანო ბრუნო დაგვიწვავს კოცონზე, მაგრამ არც იმის შეგვრცხვენია, რომ წიწამურის ბუჩქებში ქურდულად ჩაცუცქულებს პირველი ერის კაცი მოგვეკლა.
მართალია, ჩვენ ჩეხი დედაბერივით ფიჩხი არ დაგვიყრია საჯაროდ იმ კოცონზე, რომელსაც ჩვენი იან ჰუსი უნდა შთაენთქა, მაგრამ, როცა მოხუცი სულხან-საბა ორბელიანი წვერებით ათრიეს სვეტიცხოველის ეზოში, არაფერი გაგვიკეთებია იმისათვის, რომ ესე არ მომხდარიყო.
როგორ არ გავიხსენო მიხეილ ქვლივიძის ლექსი:
მაშ შენ ამბობ, რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,
არ გაქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია,
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია...
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი,
არჩილ მეფე,
ვახტანგ მეექვსე,
სულხან-საბა გამოაწყო ბერის კაბაში,
ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით>
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია.
ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი-სამიწე,
ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?
არა
ქართველთა გზა როდია ასე იოლი,
თვითმკვლელობაა
დიდი საქმის ჩვენში დაწყება...
სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი
და ქვაფენილს შურდულივით დაენარცხება.
განმარტებები: კრომველი-პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ინგლისში მონარქია დაამხო და რესპუბლიკური მმართველობა დაამყარა.
რობესპიერი- დიდი ფრანგული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი როგორც "მოუსყიდავი".
იან ჰუსი- ჩეხი ხალხის ეროვნული გმირი
Comments
Post a Comment